Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტთან

2024 წლის 25 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) გაიმართა შეხვედრა სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (სირაკუზის ინსტიტუტი) წარმომადგენლებთან - პრეზიდენტ ჟან-ფრანსუა ტონსა და გენერალურ დირექტორ ფილიპო მუსკასთან.

 

შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუტებს შორის კვლევითი, საგანმანათლებლო, სასწავლო და აკადემიური აქტივობების განხორციელებას.

 

თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ სირაკუზის ინსტიტუტის წარმომადგენლებს გააცნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იურიდიული ფაკულტეტის საქმიანობა, დაგეგმილი ღონისძიებები და დასახეს საერთო თანამშრომლობის შესაძლებლობები. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ მირიან მეგრელიშვილი - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსი, რუსუდან ცაგარელი - თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის თანამშრომელი.

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტთან თანამშრომლობის ფარგლებში სირაკუზის ინსტიტუტმა წარმოადგინა საკუთარი ინიციატივა - „REACT“, რომელიც გულისხმობს რეგიონული მძიმე დანაშაულების ტრენინგ პლატფორმის შექმნას და მის ფარგლებში გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებისა და კურსების ჩატარებას. აღნიშნულ ინიციატივაში აქტიურადაა ჩართული თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, რომლის განხორციელებაც მომდევნო თვეების განმავლობაში იგეგმება.

 

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში სისხლის სამართლის კვლევების განვითარებასა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გაიმართა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (EU Neighbours East) თანამშრომლობის ფარგლებში თსუ ევროკლუბის ორგანიზებული სემინარი: „საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევები კომპლემენტარულობის პრინციპთან მიმართებით“, რომელსაც გაუძღვნენ სირაკუზის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჟან-ფრანსუა ტონი და ამავე ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ფილიპო მუსკა.

 

სირაკუზის ინსტიტუტის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა სემინარის დამსწრეებს მიაწოდეს ინფორმაცია საერთაშორისო და შედარებითი სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ, ასევე საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევების შესახებ კომპლემენტარულობის პრინციპთან მიმართებით.

თარიღი: 29/03/2024